English / ქართული / русский /
მედეა მელაშვილინუნუ ქისტაურიქეთევან ქველაძე
მსოფლიო და ეროვნული ეკონომიკის სოციალური უსაფრთხოების საკითხები (აშშ-სა და საქართველოს მაგალითზე)

ანოტაცია. ნაშრომი ეძღვნება დღევანდელობისათვის ისეთ მწვავე პრობლემას, როგორიცაა სოციალური უსაფრთხოება, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. მითითებულია, რომ ეროვნული უსაფრთხოება, როგორც უმნიშვნელოვანესი ამოცანა, პირველად ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში 1904 წელს ახსენა თ. რუზველტმა პანამის არხთან დაკავშირებით. ნაშრომში მოყვანილია სოციალური უსაფრთხოების განმარტება, მისი  როგორც პრობლემის მიზეზები; ინდიკატორთა სისტემა.

ნაშრომი შესრულებულია აშშ-სა და საქართველოს მაგალითზე. განხილულია სოციალური პოლიტიკის ეკონომიკური, სამართლებრივი აქტები, რომლებიც ამ ქვეყნებში არეგულირებს სოციალურ პოლიტიკას; განხილულია ორივე ქვეყნის სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა პუნქტების მიხედვით და ჩატარებულია მათი ანალიზი ბოლო წლების ციფრობრივი მონაცემების საფუძველზე.

საკვანძო სიტყვები: სოციალური პოლიტიკა, სოციალური უსაფრთხოება, ინდიკატორთა სისტემა, ეროვნული უსაფრთხოება, სამართლებრივი აქტები. 

დღევანდელი მსოფლიოსათვის პირველხარისხოვან პრობლემას ეროვნული უსაფრთხოება წარმოადგენს.

ტერმინი „ეროვნული უსაფრთხოება“ პირველად აშშ-ის პრეზიდენტმა თ. რუზველტმა გამოიყენა 1904 წელს (პანამის არხთან დაკავშირებით). მის მიერ წარმოდგენილ კონცეფციაში განხილული იყო პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური სფეროები.

სოციალური უსაფრთხოება წარმოადგენს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს ელემენტს. მიღებული განმარტების თანახმად, სოციალური უსაფრთხოება არის პიროვნებისა და საზოგადოების (სოციალური ჯგუფების) ინტერესებისა და სასიცოცხლო მოთხოვნილებების დაცულობის მდგომარეობა სხვადასხვა ეკონომიკური, სამართლებრივი და ორგანიზაციული ღონისძიებების დახმარებით.

სოციალური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ინდიკატორებია: მოსახლეობის კმაყო­ფილება თავისი ცხოვრების დონით, სოციალური კონფლიქტების არარსებობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ღირსეული საპენსიო და სამედიცინო მომსახურების გარანტიები, განათლების ხელმისაწვდომობა და სხვ. ამის საწინააღმდეგოდ პიროვნებასა და საზოგადოებაზე სოციალური საფრთხეების ხანგრძლივი გავლენის შედეგად ყალიბდება: ცხოვრების ხანგრძლივობის დაბალი დონე; სიღარიბის მაღალი დონე; მოსახლეობის გაუმართლებლად მაღალი დიფერენციაციის დონე; ცხოვრების ხარისხის რეგიონული დისპროპორცია, მოსახლეობის განათლების, ჯანდაცვის, სულიერი და კულტურული დონის შემცირება; დემოგრაფიული პრობლემები და სხვ.

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად აშშ ითვლება. სწორედ ამიტომ აქ არსებული სოციალური სისტემის ანალიზი ჩვენთვის მეტად საინტერესოა. შეერთებული შტატები ატარებს მდგრადი ეკონომიკური ზრდის სტრატეგიას, სოციალური უსაფრთხოების განვითარებისა და შრომისუნარიანი მოქალაქეების კონკურენტუნარიანობის გაძლიერების გზით. შეერთებულ შტატებში სამთავრობო უწყებების სოციალური პოლიტიკის განხორციელების სახელმწიფო ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს 1935 წლის სოციალური უზრუნველყოფის აქტი, რომლის თავდაპირველ ვარიანტს ხელი მოაწერა ფრანკლინ დ. რუზველტმა. ამ აქტის მიღებით დაზღვევისა და დახმარების სხვადასხვა ფორმა შეიქმნა ქვეყნის მასშტაბით და აშშ-ის მოქალაქეებმა მიიღეს სახელმწიფო გარანტირებული დაცვის უფლებები მოხუცებულობის, ინვალიდობის, მარჩენალის გარდაცვალების, სამუშაოს დაკარგვის შემთხვევებში, რაც მანამდე ადგილობრივი საზოგადოების, მოხალი­სეობრივი ორგანიზაციების, შეძლებული ოჯახების მიერ ხდებოდა.

საკმაოდ მოგვიანებით, 1996 წელს, გაფორმდა პირადი პასუხისმგებლობის აქტი, რომლის მიხედვით კერძო სექტორის სახსრების დაბეგვრისაგან გათავისუფლებამ ხელი შეუწყო მათ გადაქცევას მოსახლეობის მატერიალური მხარდაჭერის მნიშვნელოვან  წყაროდ.

სოციალური უზრუნველყოფის სისტემა აშშ-ში რთულია და მრავალფეროვანი. ერთიანი ეროვნული ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობს. იგი შედგება სხვადასხვა პროგრამისგან, რომელიც რეგლამენტირებულია ან ფედერალური, ან ცალკეული შტატის კანონმდებლობით.

აშშ-ის სოციალური უსაფრთხოების სისტემის მდგომარეობაზე გარკვეულ წარმოდგენას გვაძლევს ცხრილი 1.

ცხრილი 1

 

აშშ-ის სოციალური უსაფრთხოების სისტემის ზოგიერთი მაჩვენებელი

მაჩვენებელი

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

უმუშევრობის დონე (%)

 

5.46

8.05

3.67

3.90

4.36

4.87

65 და მეტი ასაკის მოსახლეობა

(% მთლიანი მოსახლეობის)

 

16.68

16.22

15.79

15.40

15.07

14.67

დანახარჯები ჯანდაცვაზე მოსახლეობის ერთ სულზე (დოლარი)

12318

12318

11859

10921

10515

10103

9775

დანახარჯები ჯანდაცვაზე (% მშპ-დან)

19.7

20,0

17.1

16.77

16.69

16.81

16.84

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა

(წელი)

78.6

 

77.28

80

78.64

79.5

79.1

ბედნიერების ინდექსი (0-10)

6.89

6.98

6.95

6.89

6.89

6.99

7.10

საშუალო პენსია

(აშშ დოლარი)

1500

1500

1150

1150

1150

1150

1164

პენსიაზე გასვლის ასაკი (წელი)

(კაცი/ქალი)

67/67

67/67

67/67

67/67

67/67

67/67

67/67

სახელმწიფო სოციალური დანახარჯები (% მშპ-თან)

-

15.3

15.3

18.7

18.7

-

19.3

უსაფრთხოების ინდექსი

51.8

52.3

52.8

52.9

50.4

51.2

51.1

როგორც ცნობილია, ნებისმიერ ქვეყანაში სოციალური კეთილდღეობის და უსაფრთხოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინდიკატორს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის არსებული მდგომარეობა წარმოადგენს. ბოლო წლებში, კერძოდ 2019 წელს სახელმწიფო დანახარჯები ჯანდაცვაზე მოსახლეობის ერთ სულზე 11ათას აშშ დოლარს უდრიდა, რაც მშპ-თან შედარებით 17%-ს უტოლდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ მსოფლიოში. სწორედ აქედან გამომდინარეა ის, რომ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ქვეყანაში უკვე რამდენიმე წელია 78 წელი და მეტია, ხოლო 65 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობის წილი მთელი მოსახლეობის 17%-ს აჭარბებს.

სოციალური უზრუნველყოფის ძირითადი მიმართულებაა სოციალური დაზღვევა. სოციალური დაზღვევის პირველი სამოქალაქო კანონი აშშ-ში 1935 წელს იქნა მიღებული. შემდგომში კანონს მრავალი დამატება და დებულება შეემატა.

პირველი სადაზღვევო კომპანია აქ ჯერ კიდევ 1735 წელს გაჩნდა სამხრეთ კაროლინის შტატში. დღეისათვის კომპანიები ამერიკის სადაზღვევო ბაზარზე წარმოდგენილია როგორც უშუალო სადაზღვევო ორგანიზაციების, ასევე უამრავი საშუამავლო ორგანიზაციის სახით. სადაზღვევო ხელშეკრულებები — პოლისები —ფორმდება ბროკერების, სადაზღვევო აგენტების მიერ. მათი რიცხვი ქვეყანაში რამდენიმე ასეულობით  ათასია. სადაზღვევო სისტემა ქვეყანაში რეგულირდება როგორც ცენტრალურ (ფედერალურ), ასევე რეგიონულ დონეზე. საინტერესოა, რომ ფედერალურ დონეზე სისტემა თითქმის არ კონტროლდება, რადგანაც თითოეულ შტატში კარგად გამართული კონტროლის სისტემა მოქმედებს. ქვეყნის მასშტაბით დაზღვევის პროცესს კოორდინირებას უწევს სადაზღვევო კომისრების ეროვნული ასოციაცია (NAIC).

აშშ-ში არსებულ დაზღვევის სხვადასხვა სახეობებს (სამედიცინო, სოციალური, საპენსიო, უძრავი ქონების, სოცოცხლის, საბანკო შენატანების, ავტოდაზღვევა) შორის ყველაზე პოლულარულია სამედიცინო დაზღვევა.

სამედიცინო დაზღვევის პოლისის შეძენა ამერიკაში თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა. არსებობს შედარებით იაფი, საშუალო და ძვირი სამედიცინო პოლისები. ნებისმიერ ადამიანს აქვს არჩევანი. შეძენილი პოლისის შესაბამისად ადამიანი ყოველთვიურად იხდის სადაზღვევო შენატანს, რასაც ამერიკაში „premium“ (პრემია) ეწოდება და რაც 200-500 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ერთ-ერთი წარმატებულია უფასო სამედიცინო დაზღვევა Medicare, რომელიც 1965 წლიდან ფუნქციონირებს და განკუთვნილია ღარიბი ფენებისათვის, მძიმე ავადმყოფობით დაავადებულთათვის, უსინათლოთათვის, ფეხმძიმეთათვის, მათი ახლდაბადებული ბავშვებისათვის 1 წლამდე და სხვ.

საპენსიო ასაკის მიღწევისას (65 წელი) ამერიკის ყველა მოქალაქეს შეუძლია მოითხოვოს პენსიის ჩარიცხვა. საპენსიო საკითხებს აშშ-ში არეგულირებს სოციალური უზრუნველყოფის სამმართველო. სწორედ ის გასცემს მოქალაქეებზე სოციალური დაცვის ნომერს (SSN). მომუშავე მოქალაქეები იხდიან ე.წ. საპენსიო გადასახადს, რომელიც შეადგენს საერთო შემოსავლის 7.65%-ს, თუ მისი წლიური შემოსავალი არ აღემატება 65 ათას დოლარს: 6.2% — მისი უშუალოდ მომავალი პენსიის ფორმირებაზე, 1.45% — სამედიცინო უზრუნველყოფაზე. საინტერესოა, რომ თუ წლიური შემოსავალი აჭარბებს 65 ათას დოლარს, ადამიანს ჩამოეჭრება მხოლოდ 1.45%. ეს არის ის რაოდენობა, რასაც უშუალოდ ადამიანი იხდის. ამასთან, დამქირავებელი მას უხდის ზუსტად იმდენივე თანხას  და საბოლოოდ საპენსიო დანაზოგი ადამიანის შემოსავლის 15%-ს უტოლდება.

პენსიის საშუალო ოდენობა აშშ-ში 1300-1400 დოლარია, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამას ემატება შენატანები ე.წ. დაგროვებით ფონდში, რისი შესაძლებლობაც თითოეულ ამერიკელს გააჩნია. ეს არის სადაზღვევო საპენსიო შენატანების ნაწილის გადარიცხვა დაგროვებით ფონდში, რისი გამოყენება თვითონ მოქალაქეს მხოლოდ 5-7 წლის შემდეგ შეუძლია. ამ ფონდში საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხები გროვდება, რაც პენსიასთან ერთად ამერიკელ ასაკოვან ადამიანებს საკმაოდ უზრუნველყოფილი ცხოვრების საშუალებას აძლევს.

სოციალური დანახარჯების უმეტესი ნაწილი (ამერიკული ტერმინოლოგიით, „ადამიანურ რესურსებზე“ გაწეული ხარჯები) შეერთებულ შტატებში იხარჯება ფედერალური რეგულირების პროგრამებზე სოციალური უზრუნველყოფის, მატერიალური დახმარების, ვეტერანთა დახმარების, განათლების მიღებასა ან გაუმჯობესების, ან პროფესიული მომზადებისა და ჯანდაცვის გაუმჯობესების მიზნით. სოციალური დაცვის სისტემის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს მეწარმეების (დამსაქმებლების), დაზღვეული მუშაკების სოციალური შენატანები და საბიუჯეტო დაფინანსება. 

დასაქმებულთა 96% მოცულია სახელმწიფო საპენსიო დაზღვევის სისტემით, რაც დამოკიდებულია მუშაობის სტაჟსა და ხელფასის ოდენობაზე, აგრეთვე უმუშევრობის დაზღვევის სისტემით (საწარმოო ტრამვის ან სხვა შემთხვევაში). შეერთებულ შტატებში ფუნქციონირებს ფედერალური ხანდაზმულობის, სიცოცხლისა და ინვალიდობის დაზღვევის (OASDI) პროგრამა, რომელსაც ხელმძღვანელობას უწევს სოციალური დაცვის ადმინისტრაცია, აგრეთვე DI — ინვალიდობის დაზღვევის პროგრამა.

შეერთებულმა შტატებმა დააწესა უმუშევრობის შემთხვევების ზღვარი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ხელფასის 80%-ს, ყველა პრემიის გამოკლებით. ასევე არსებობს უმუშევრობის შეღავათების მიღების მაქსიმალური ხანგრძლივობა: ეს ძირითადად დამოკიდებულია ქვეყანაში ან შტატში უმუშევრობის საერთო მაჩვენებელზე, თუმცა, როგორც წესი, უმუშევრობის შეღავათების მიღების მაქსიმალური ვადა არის 26 კვირა,

უმუშევრობის შემწეობის გადახდის ვადის გასვლის შემდეგ პირს უფლება აქვს სახელმწიფო სახსრებიდან მიიღოს სპეციალური „სოციალური დახმარება“, რომელიც მცირეა და, პრინციპში, ოდნავ აღემატება ოფიციალურად მიღებული „სიღარიბის ზღვარს“. მაგრამ სოციალური შეღავათების მიღების ხანგრძლივობა, როგორც წესი, შეუზღუდავია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აშშ-ში არსებობს ე.წ. სოციალური უზრუნველყოფა, რომელიც არ უკავშირდება დაზღვევას. ეს არის დახმარებები ნაკლები შესაძლებლობების მქონე მოსახლეობისათვის, ობლებისათვის და სხვ. ამ პროგრამით, მაგალითად, ამ კატეგორიის ბავშვები სკოლაში უფასოდ იკვებებიან; ზოგიერთი ადამიანი სარგებლობს უფასო საცხოვრებლით და სხვ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ,  რომ აშშ-ის სოციალური უსაფრთხოების სისტემა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია მსოფლიოში და ნამდვილად სამაგალითოა სხვა ქვეყნებისათვის, მ.შ. საქართველოსათვის.

ბოლო ათწლეულში საქართველოს ეკონომიკამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა, რაც განპირობებული იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებით, მიგრანტების გზავნილების დიდი მოცულობით. ამ ყველაფერს ემატებოდა საბანკო დაკრედიტების მნიშვნელოვანი ზრდა, თუმცა ბევრი პრობლემა ისევ რჩება. მაგალითად, ჯერ კიდევ არ შექმნილა საკმარისი რაოდენობის ახალი სამუშაო ადგილი. ასევე არ განხორციელებულა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თანმდევი ახალი, მაღალტექნოლოგიური დარგების სათანადო რაოდენობისა და ხარისხის შექმნა და განვითარება, ამას დაემატა პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური უკუსვლა, რამაც მნიშველოვნად შეაფერხა ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლება. საქართველოს სოციალური უსაფრთხოების შესახებ გარკვეულ წარმოდგენას გვაძლევს ცხრილი 2.

ცხრილი 2

საქართველოს სოციალური უსაფრთხოების სისტემის ზოგიერთი მაჩვენებელი

მაჩვენებელი

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

უმუშევრობის დონე (%)

17.3

20.6

18.50

17.6

19.2

21.6

21.7

უმუშევართა რაოდენობა

(ათასი კაცი)

267.9

316.2

281.9

276.9

309.0

354.5

359.2

პენსიაზე გასვლის ასაკი

(წელი)

(კაცი/ქალი)

65/60

65/60

65/60

65/60

65/60

65/60

65/60

საშუალო პენსია

(აშშ დოლარი)

100

80

40

40

40

40

40

65 და მეტი ასაკის მოსახლეობა

(% მთლიანი მოსახლეობის)

-

14.56

14.50

14.39

14.28

14.18

14.06

დანახარჯები ჯანდაცვაზე მოსახლეობის ერთ სულზე (დო­ლარი)

 

 

 

291.1

312.8

286.0

301.6

დანახარჯები ჯანდაცვაზე (% მშპ-დან)

 

 

8,0

6.66

7.11

7.06

8.00

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა

(წელი)

69.2

69.2

77

74

78.64

73.4

74.9

ბედნიერების ინდექსი (0-10)

5.11

4.97

4.89

4.52

4.34

4.29

4.25

უსაფრთხოების ინდექსი

75.7

77.4

79.8

80.1

79.7

79.2

77.8

ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები ბრუნვა (მლნ ლა­რი)

436.9

1465.3

1152.9

1147.3

1052.8

975.1

895.2

სოციალური პოლიტიკის გატარებისთვის მთავარ მამოძრავებელ ფაქტორად უმუშევრობა მიგვაჩნია. საქართველოში უმუშევრობა ყველაზე მწვავე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა და აქტუალური გამოწვევაა. იგი გვევლინება ქვეყანაში სიღარიბის განმაპირობებელ მთავარ ფაქტორად. შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმუშევრობის დონეს საქართველოში ახასიათებს კლების ტენდენცია. როგორც ცხრილი 2-დან ჩანს, 2016 წლის 21.75%-დან 2022 წელს ეს მაჩვენებელი 17.3%-მდე შემცირდა. ეს ბევრი არ არის, მაგრამ ამ პერიოდში გავიარეთ ცნობილი  პანდემიის პერიოდი, რამაც 2020-21 წლებში კლების პროცესი არათუ შეანელა, არამედ გაზარდა (2020 წელს 20,2%-მდე). ეს, რათქმა უნდა, უარყოფითად აისახა საერთო მდგომარეობაზე.

ცხრილის მიხედვით ისეთი მაჩვენებელი, როგორიცაა პენსიაზე გასვლის ასაკი, ბოლო წლების მიხედვით უცვლელია: მამაკაცებისათვის 65, ხოლო ქალებისათვის 60 წელი. რაც შეეხება თვითონ საშუალო პენსიის ოდენობას, როგორც ცხრილიდან ჩანს, იგი 2021 წელს წინა რამდენიმე წლის მონაცემთან შედარებით გაორმაგდა და 40 დოლარის მაგივრად 80 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2022 წელს 100 დოლარს გაუთანაბრდა. ეს, რა თქმა უნდა, დადებით ტენდენციად უნდა ჩაითვალოს.

საინტერესო ტენდენციას აჩვენებს ისეთი მაჩვენებელი, როგორიცაა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა. როგორც ცხრილში ვხედავთ, იგი 2016 წელს 74.9 წლიდან 2020 წელს 77 წლამდე გაიზარდა, მაგრამ შემდეგ მკვეთრად დაეცა და 2021 და 2922 წლებში 69.2 წელი შეადგინა. ეს, რა თქმა უნდა, წინა წლების მწვავე კოვიდ პანდემიის უშუალო შედეგია.

აღსანიშნავია ე.წ. ბედნიერების ინდექსი, რომელიც მოსახლეობის უშუალო გამოკითხვის შედეგად მიღებული ქულებით დგინდება, მან 2016 წლის 4.25 ქულიდან (მაქსიმუმი 10 ქულა) 2022 წელს 5.11 ქულა შეადგინა, ანუ ნახევარს გადააჭარბა.

ჩვენს ქვეყანაში დღეისათვის ფუნქციონირებს ე.წ. სადაზღვევო სისტემა.  საქართველოში კერძო სადაზღვევო ინდუსტრიის ჩამოყალიბებას საფუძველი 90-იან წლებში ჩაეყარა. ჯანდაცვის სფეროში ახალი პროდუქტის – კერძო სამედიცინო დაზღვევის გამოჩენისას, ბაზრის წილზე ორიენტირებული, ფინანსური ხელმისაწვდომობის სტრატეგია იქნა გამოყენებული. მოსახლეობას ძალზე იაფად ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტის შეძენის შესაძლებლობა გაუჩნდა. ჯანმრთელობის დაზღვევის თავდაპირველი ფასები თვიურად 7, 5, 3 ლარსაც კი შეადგენდა, ბუნებრივია, ეს ყოველივე მოსახლეობისათვის ძალზე მომგებიანი და მიმზიდველი იყო. თუმცა უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ჯანმრთელობის დაზღვევაზე ფასების მკვეთრი მატება აღინიშნა, რამაც, ბუნებრივია, დაზღვეული მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია, ბევრი ამ ფაქტს უსამართლობად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ფასები კვლავაც იმ დაბალ ნიშნულზე უნდა დარჩენილიყო, რომელსაც ინდუსტრია აქამდე ინარჩუნებდა. მოსახლეობის ასეთი დამოკიდებულება იმ სტრატეგიის ლოგიკური შედეგია, რომლის მეშვეობითაც საქართველოში ჯანმრთელობის კერძო დაზღვევის ბიზნესმა განვითარება დაიწყო. დღეისათვის საქართველოში 20-მდე სადაზღვევო კომპანიაა რეგისტრირებული. მათ შორის ლიდერობენ იმედი, ჯიპიაი, ალდაგი და სხვ. აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო სექტორის მთავარი მამოძრავებელი კვლავ ჯანმრთელობის დაზღვევაა, რაზეც 240 მილიონი, ანუ პრემიების თითქმის ნახევარი მოდის.

საქართველოში 2013 წლიდან ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა რომლის მონიტორინგს ახორციელებდა არასამთავრობო ორგანიზაცია “ფრიდრიხ ებერტის ფონდი”. ამ ფონდის მონაცემებით, 2012 წელს სამედიცინო მომსახურებაზე ე.წ. “ჯიბიდან გადახდების” წილი დაახლოებით 79%-ს შეადგენდა.

დღეისათვის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება გეგმური და გადაუდებელი ამბულატორიული, სტაციონარული, ქირურგიული, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა და მშობიარობის მაქსიმალური დაფარვა. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC), ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA-ის (ინთერნეშენალ აიდია)  ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულ ბენეფიციართა 80.3% კმაყოფილი იყო აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული ამბულატორიული, ხოლო 96.4% – ჰოსპიტალური  სერვისით. მართალია, საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების 100% უზრუნველყოფილია სამედიცინო დაზღვევით, მაგრამ, რა თქმა უნდა, არის პრობლემები: ბენეფიციართა დაბალი ინფორმირებულობა, პროფილაქტიკური სერვისის გაუთვალისწინებლობა, მედიკამენტების მაღალი ფასი – ეს არის სამი ძირითადი ხარვეზი, რომლებიც საქართველოში ჯანდაცვის პროგრამების კიდევ უფრო წარმატებით განხორციელებას უშლის ხელს. ბოლო პერიოდის მდგომარეობით, ჯანდაცვის დანახარჯებიდან ძალიან მაღალია მედიკამენტებზე დახარჯული თანხა. ზოგი კვლევის მიხედვით, ეს არის 40%, ზოგი კვლევით კი – 60%, რაც წარმოუდგენლად მაღალია. სასურველია, რომ იგი მკურნალობის ხარჯების 1/3-ზე მეტი არ იყოს.

2017 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ქვეყანაში პრიორიტეტულად რჩება ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პროგრამის დაფინანსება. ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება შეადგენდა 3 მლრდ 330 მლნ ლარს. აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია: სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის – 2 413.0 ათასი ლარი; ჯანმრთელობის დაცვის პროგრა­მებისათვის – 831.0 მლნ ლარი.

არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს სადაზღვევო ბაზარი, წლებთან ერთად იზრდება და ვითარდება. 2007 წლიდან 2021 წლამდე სადაზღვევო ბაზრის მიერ მოზიდული პრემიების ოდენობა გაიზარდა 119 მლნ ლარიდან 773 მლნ ლარამდე  (მოხდა პენსიონერების და 5 წლამდე ასაკის ბავშვების პროგრამაში ჩართვა), თუმცა მაღალი სოციალური მნიშვნელობის გათვალისწინებით, აღნიშნული პროგრამების მართვა გადაეცა სპეციალიზებულ სახელმწიფო სტრუქტურას (სოციალური მომსახურების სააგენტოს, შემდგომ კი – „ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს“). 2014 წლიდან ბაზარი უფრო განვითარდა და მეტად პოპულარული გახდა ჯანმრთელობის დაზღვევის კორპორაციული პროგრამები. 2014-2021 წლებში ამ კატეგორიაში მოზიდული პრემიების ოდენობა გაიზარდა 131 მლნ ლარიდან  306 მლნ ლარამდე.

2021 წლის მდგომარეობით, სამედიცინო დაზღვევის მიმართულება საქართველოს სადაზღვევო ბაზრის უდიდეს წილს (40%) იკავებს. ამ პერიოდში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 305.5 მლნ. ლარი.

სამედიცინო დაზღვევა სწრაფად მზარდი სახეობაა საქართველოს სადაზღვევო სექტორში. 2014-2021 წლებში ამ კატეგორიაში მოზიდული პრემიების ოდენობა გაიზარდა 131 მლნ ლარიდან  306 მლნ ლარამდე. თუმცა ეს საკმარისი არ არის. აუცილებლად უნდა მოიძებნოს გზები ამ დარგში კიდევ უფრო ფართო პროგრამების ამოქმედებისათვის და ამ მიზნით დაფინანსების მნიშვნელოვნად გაზრდისათვის. ისიც აღსანიშნავია, რომ ეს პრობლემა არ არის დამახასიათებელი მხოლოდ საქართველოსათვის. ჩვენზე ეკონომიკურად შედარებით უკეთ განვითარებულ ქვეყნებშიც კი იგი ერთ-ერთ ძნელად გადასაჭრელ პრობლემად რჩება. ჩვენ მიერ ჯანდაცვის სფეროს ორგანიზებაში ზემოთ აღწერილი არც ერთი მეთოდი არ არის უნაკლო.

საქართველოს მთავრობის პოლიტიკა, კერძოდ, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია („საქართველო 2020“), ეკონომიკურ ეფექტიანობასთან ერთად, ყურადღებას ამახვილებს სოციალური უსაფრთხოებისა და სოციალური სამართლიანობის პრინციპების დამკვიდრების მნიშვნელობაზე. მთავ­რობის სტრატეგიის ამ პრინციპების განმახორციელებელ ინსტრუმენტებად კი განიხილება უმუშევრობის შემცირება და მოსახლეობის უზრუნველყოფა ღირსეული მშრომის პირობებით, ასევე ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების, ჯანდაცვისა და საბაზისო სოციალური უზრუნველყოფის სისტემების გაძლიერებაზე ორიენტაცია. აქედან გამომდინარე, გრძელვადიან პერსპექტივაში, ქვეყნის მთავრობის მიზანია, ეკონომიკურ ზრდასა და სოციალურ სამართლიანობას შორის ბალანსის მიღწევა და გზების გამოკვეთა, რომლებიც მიმართული იქნება არა მხოლოდ სიღრიბესთან ბრძოლისკენ, არამედ ქვეყანაში სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობისაკენ, სოციალური კეთილდღეობისაკენ, რაც მხოლოდ სახელმწიფოს ხელეწიფება.

სწორედ სახელმწიფოს ეფექტიან და მიზანმიმართულ ქმედებებზეა დამოკიდებული სოციალური პოლიტიკის შედეგი. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. რა არის სოციალური კეთილდღეობა tsu.gehttps://digitallibrary.tsu.ge › book › dec › books PDF
  2. https://osgf.ge/socialuri-usafrtkhoeba-da-shromis-pirobebi-ras-shecvlis-evrokavshiris-kandidatis-statusi
  3. http://geoeconomics.ge/?p=12955 სოციალური პოლიტიკა და მისი გამოწვევები საქართველოში.
  4. https://mfa.gov.ge/national-security-concept საქართველოს ეროვნული უსაფრთხო­ების კონცეფცია.
  5. https://www.numbeo.com/crime/rankings_by_country.jsp?title=2022&displayColumn=1
  6. USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა THE USAID ECONOMIC GOVERNANACE PROGRAM  SEPTEMBER 30, 2022
  7. https://www.theglobaleconomy.com/